განიხილავს თუ არა მთავრობა ხვალინდელ სხდომაზე არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ საკითხს, ჯერჯერობით უცნობია

განიხილავს თუ არა მთავრობა ხვალინდელ სხდომაზე არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ საკითხს, ჯერჯერობით უცნობია

ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა გათვალისწინებული მთავრობის ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი.

როგორც ამასთან დაკავშირებით ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სხდომის დღის წესრიგის საკითხები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის და დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 5 აპრილს გამოსცა და პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად გუშინ გადაუგზავნა. თავის მხრივ, პრემიერს კონტრასიგნაციისთვის გადაცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მთავრობის სხდომაზე გასატანად და განსახილველად 10-დღიანი ვადა აქვს.

გიორგი მარგველაშვილის განკარგულების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნული განკარგულები კი ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა, რითაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისა და მასთან დაკავშირებული საარჩევნო რეგულაციების ამოქმედების გადავადება მოხდა.