კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაცია არ განახორციელოს. აღნიშნულის უფლებას მთავრობის მეთაურს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და წესის შესახებ“ კანონი ანიჭებს.
უფრო კონკრეტულად, კანონის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც კონტრასიგნაციას საჭიროებს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის. პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი კი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება. ხოლო თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად“.
ამავე კანონის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება პროცედურა.
ხოლო თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში“.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად ორი დღის წინ 8 ოქტომბერი დაასახელა, შესაბამისი განკარგულება კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერს გადაეგზავნა. განკარგულებაში ჩადებულია, რომ ის ძალაში 8 აგვისტოდან უნდა შევიდეს, რასაც იურისტები და არასამთავრობო სექტორი „სამართლებრივად უსაფუძვლოდ“ მიიჩნევენ. აღნიშნულის გათვალისწინებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პრემიერს ურჩევს, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი თქვას.