„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრმა არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას. როგორც ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა , შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება, თუკი პრემიერი პრეზიდენტს მისსავე განკარგულებას, მინიმუმ ორ არგუმენტზე დაფუძნებული მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნებს.
„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სამართლებრივად გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, რომ მის მიერ გამოცემული განკარგულება უნდა ამოქმედდეს არა კონტრასიგნაციის შემდეგ, დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე, არამედ 8 აგვისტოს. „წინასაარჩევნო კამპანიის“ შესახებ მუხლში, რომელიც გვაქვს „საარჩევნო კოდექსში“, პირდაპირ წერია, რომ არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის. შესაბამისად, რას ეფუძნება მისი ამოქმედების გადავადების სურვილი, არის სრულიად გაუგებარი.
მეორე - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და წესის შესახებ კანონში“ გვაქვს ჩანაწერი, რომ როდესაც აქტი კონტრასიგნაციას ექვემდებარება, პრემიერს შეუძლია დაუბრუნოს ის პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით. ამ შემთხვევაში, ორი არგუმენტით - ერთი იმიტომ, რომ გადავადების სამართლებრივი საფუძველი არის გაურკვეველი და მეორე იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესზე, ვფიქრობ, რომ განკარგულება პრემიერმა უნდა დაუბრუნოს პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საია-ს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ განკარგულების ძალაში შესვლის გადავადება დოკუმენტიდან უნდა ამოიღონ და აქტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდეს.
„უკვე დაანონსებულია არჩევნების თარიღი და ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ის, რასაც გვეუბნება „საარჩევნო კოდექსი“, რომ როგორც კი მოხდება კონტრასიგნაცია სამართლებრივი აქტის, ის შევიდეს ძალაში. აქ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა იცვლება სამართლებრივად მაშინ, როდესაც ოფიციალურად უკვე ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში - საარჩევნო რეჟიმის დროს კანონმდებლობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს კონკრეტულ რეგულაციებს უდგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით აქტუალური და რელევანტური შეზღუდვებია, რადგან ის წლებია პრობლემას წარმოადგენს. დღეს ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ გარკვეული პარტიები უკვე აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას ისე, რომ მათი სამართლებრივი რეჟიმი არ მოქმედებს. შესაბამისად,უფრო სწორია ამოქმედდეს წესები, რასაც კანონმდებლობა ადგენს, რადგან ასე მეტ-ნაკლებად უფრო თანაბარ საარჩევნო გარემოს შეეწყობა ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს ქმნის გაურკვევლობას და ვფიქრობ, დააზარალებს საარჩევნო გარემოსაც“, - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ.
გარდა ამისა, ნაცვლიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც, თუკი პრემიერი პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციას მოახდენს, სამართლებრივად დოკუმენტი ძალაში მაინც გამოქვეყნებისთანავე შევა, რადგან აღნიშნულს „საარჩევნო კოდექსი“ ადგენს, რომელიც სხვა რიგ კანონთან მიმართებაში ზემდგომი აქტია.