7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ გასულ კვირას, ქადაგებისას ბრძანა.
„როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა“, - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს საზეიმო წირვას იგი სვეტიცხოველში, 10:00 საათიდან აღავლენს.