საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, ჯანდაცვის კომიტეტთან და მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა . რეფორმის ძირითად საკითხებსა და კერძო დაგროვებითი მოდელის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა ისაუბრა.

“კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ერთ-ერთი შემოთავაზებული მოდელია. ჩვენ მიერ შემოთავაზებული კონცეფცია ორი ნაწილისგან შედგება. ერთი შეეხება არსებულ პენსიონერებს, რაც გულისხმობს, რომ მოხდეს არსებული სოციალური პაკეტის გაძლიერება და მეორეა კერძო დაგროვებითი სისტემა. ვინაიდან იზრდება საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის ხვედრითი წილი ქვეყანაში, სახელმწიფომ უნდა იფიქროს, რა მოდელი უნდა შემუშავდეს, რომ მომავალში პენსიონერს ჰქონდეს საპენსიო უზრუნველყოფა“,- განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს არსებული საპენსიო სისტემის მოდიფიკაცია, რისთვისაც, ინდექსაციის მექანიზმის დანერგვა იგეგმება. “ყოველწლიურად, პენსია გაიზრდება ინფლაციის დონის შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, შესაძლებელია, პენსია გაიზარდოს ინფლაციაზე მეტად“,- განმარტა მომხსენებელმა.

სოციალური პენსია ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება, მიუხედავად იმისა, ჩაერთვება თუ არა კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, გაანალიზდა სამი სახის კერძო დაგროვებითი სისტემის მოდელი: ნებაყოფლობითი, სავალდებულო და ჰიბრიდული (შერეული). მისივე თქმით, ჰიბრიდული მოდელის დანერგვა საქართველოსთვის ყველაზე ეფექტური იქნება.

“საპენსიო დაგროვების მოდელი მუშაობს შემდეგნაირად: ორგანიზაცია ვალდებულია, თანამშრომელს შესთავაზოს ყოველთვიური საპენსიო შენატანი ხელფასის 2%-ის ოდენობით, რომელიც გადაირიცხება დასაქმებულის მიერ არჩეულ კერძო საპენსიო ფონდში. თუ დასაქმებული დათანხმდება შეთავაზებას, მაშინ მან საკუთარი შემოსავლიდან 2%-ით უნდა მიიღოს თანამონაწილეობა. დაქირავებულს უფლება აქვს, უარი თქვას მონაწილეობაზე. დასაქმებულის მონაწილეობის შემთხვევაში, სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადიდან მიიღებს თანაკონტრიბუციას და დამატებით გადარიცხავს ანგარიშზე 2%-ს. უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, 2%-ზე მეტი შეიტანოს. დაწესდება მაქსიმალური შენატანის ზღვარი სახელმწიფოს მიერ კონტრიბუციის კოეფიციენტზე, რაც თავდაპირველად იქნება 2000 ლარი და შემდეგ გაიზრდება ყოველწლიურად საშუალო ხელფასის ზრდის პარალელურად“, - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

მომხსენებლის თქმით, მნიშვნელობა არ ექნება, დამსაქმებელი სახელმწიფო სამსახური იქნება თუ კერძო სექტორი - კონტრიბუციას ყველა თანაბრად მიიღებს, ხოლო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, აქტივები მემკვიდრეს გადაეცემა.

ოთარ ძიძიკაშვილმა ისაუბრა საპენსიო რეფორმის წინაშე მდგარ გამოწვევებზეც. მისი განცხადებით, ერთ-ერთი გამოწვევაა არაფორმალური შრომის ბაზარი, რომელიც კერძო დაგროვებითი სისტემის არეალს ზღუდავს. გარდა ამისა, არ არის განვითარებული აქტივების მართვის ინდუსტრია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საპენსიო სისტემამ ინფლაციურ მოვლენებთან უნდა შეძლოს გამკლავება.