თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დედაქალაქში ტაქსების მომსახურების სერვისის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით სამუშაო დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა, თბილისის მერია აღნიშნულ სფეროში გარკვეული გადასახადების დაწესებას გეგმავს.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ტაქსების მძღოლებისა და ტაქსის სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის დედაქალაქის მერიის მხრიდან რაიმე სახის გადასახადის დაწესების საკითხი არ განიხილება, ამასთან, ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ სამუშაო დოკუმენტის ფორმირება, რომლის მიზანიცაა, საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების სერვისის შექმნა.

სამუშაო დოკუმენტი, თავის მხრივ, მოიცავს ავტომანქანების ტექნიკური გამართულობის ნაწილსა და მძღოლების კომპეტენციის დადგენის შესაძლებლობების გზებს, ამასთან, ვითვალისწინებთ რა, რომ ტაქსების მძღოლებისათვის აღნიშნული საქმიანობა, ხშირად, შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, საკითხის გარკვეულ რეგულაციაში მოქცევისას, მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. 

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ მოახდენენ თემის არასწორ ინტერპრეტაციას, რათა საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი.