არჩევნების თარიღის გამოცხადება, რაც მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის სასიხარულო ინფორმაცია შეიძლება ყოფილიყო, ხელისუფლების წარმომადგენლების საქმეში ჩაუხედაობისა და გაუთვიცნობიერებლობის გამო, დიდ გაუგებრობად და საჯილდაო ქვად იქცა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა.
ცაგარეიშვილის თქმით, შეიძლებოდა, პრეზიდენტს მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გამოეცხადებინა, რომ არჩევნების დანიშვნას 8 ოქტომბრისთვის გეგმავდა და რაიმე სამართლებრივი აქტის გამოცემაზე საუბარი არ ყოფილიყო.
როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, გუშინ გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილად თქვა, რომ არჩევნებს 8 ოქტომბრისათვის ნიშნავს, შესაბამის განკარგულებას კონტრასიგნაციისთვის უგზავნის პრემიერ-მინისტრს, აქ კი, უკვე პრობლემები შეიქმნა, რადგან მისი მხრიდან არანაირი 8 აგვისტო ნახსენები არ ყოფილა.
“უკვე ჩნდება სამართლებრივი პრობლემატიკა, თუ რას ნიშნავს არჩევნების დანიშვის დღე, რომელია ეს დღე, რომელია გამოქვეყნების თარიღი, რატომ 60 დღით ადრე და არა - 90 დღით ადრე ასე შემდეგ. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის, რომ პარტიები 8 ოქტომბერზე იყვნენ ორიენტირებული და 8 ოქტომრისათვის მოემზადონ, მაგრამ ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი - გუშინ, როცა თარიღი გავრცელდა, იქვე მეორე თარიღზე - 8 აგვისტოზე არაფერი იყო ნათქვამი. ითქვა მხოლოდ 8 ოქტომბრის შესახებ. აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეჭვი, რომ გუშინ მთავრობის კანცელარიაში შეკრებილმა საზოგადოებამ უბრალოდ რაღაცეები ვერ გათვალა და ვერ განსაზღვარვა ის, რომ როგორც კი, პრეზიდენტის მიერ გამოცემული და მთავრობის მიერ კონტრასიგნირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ძალაში შევიდოდა, ამოქმედდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული შეზღუდვები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მოუმზადებელი განაცხადი იყო და ამის შემდეგ მთავრობაში მოისაზრეს, აწონ-დაწონეს ყველა ის რისკი, რაც აქედან გამომდინარეობდა - როცა მკვიდრდება თამაშის წესები არჩევნებამდე ორი თვით ადრე, უამრავი რამ იზღუდება და ამ შეზღუდვების 6-თვით ადრე დაწესება შეიძლება ოპოზიციური პარტიებისთვის კარგი იყოს, მაგრამ საქმე იმაშია, რამდენად გამოადგება ეს ქვეყნის გამართულ ფუნქციონირებას“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ცაგარეიშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ არაფერი იცოდა საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბრის განსაზღვრის თაობაზე.
“ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს წევრს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც განგვიმარტა, რომ არავინ ცესკოსთან კონტაქტზე არ გამოსულა, მათგან რჩევა არ აუღია და არ გაუვლია კონსულტაცია. როგორ შეიძლება მთავრობამ მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება ისე, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არაფერი ჰკითხო, თუ როგორ ჯობია და რანაირად ჯობია. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, რაც მხოლოდ “ქართულ ოცნებას“ შეიძლება დაემართოს. როგორც ცესკოში ჩვენმა წარმომადგენელმა მითხრა, როცა დღეს დილით საარჩევნო ადმინისტრაცია შეიკრიბა, ყველა გაოგნებული იყო. შენ კაი დედ-მამიშვილო, როცა არჩევნების თარიღს ნიშნავ, რომელმაც შეიძლება ქვეყნის მომავალი ოთხი კი არა, 30-წლით განსაზღვროს, შენ თუ არ იცი, დაუძახე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მას ჰკითხე, როდის და როგორ ნიშნავ ამ არჩევნებს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. ორივე განკარგულება კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაეგზავნა.
მათი ამოქმედების თარიღად 8 აგვისტოა განსაზღვრული.