ის,რომ ქვეყანაში დადგება 8 ოქტომბერი და ეს უნდა გავიგოთ 8 აგვისტოს, სრული აბსურდია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე გუშინ გამოცემული განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.
ბაქრაძე ხელისუფლებას ურჩევს, ”ასეთი ტიპის ფოკუსებს” თავი დაანებოს.
”ეს არის მორიგი აბსურდი, რომელშიც ”ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ჩვენი საზოგადოება შეიყვანოს, მაგრამ მინდა მკაფიოდ ვუთხრა, რომ რაც არ უნდა ფოკუსები მოიფიქრონ და რა სისულელეც არ უნდა გამოაქვეყნონ, ნებისმიერ შემთხვევაში ”ქართული ოცნება” ამ არჩევნებს წააგებს. ამიტომ ვურჩევ, თავი დაანებონ ასეთი ტიპის ფოკუსებს, ხალხის მოტყუებას და ნორმალურ, თანაბარ არჩევნებში გადააბარონ ხელისუფლება მომავალ გამარჯვებულს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ”ნაციონალური მოძრაობა” იქნება”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. ორივე განკარგულება კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა.
როგორც ცნობილია, კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება ”საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია იწყება. ამას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.