ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბენაშვილის ქუჩაზე 2 000 კვადრატულ მეტრზე, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიურები.

კიდევ ერთი ობიექტი, სადაც საგზაო სამუშაოები ტარდება, ვეშაპურის ქუჩაა. 1000  კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბაზალტის ფილების დაგება. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა - შეიცვალა კომუნიკაციები.

რაიონში მიმდინარე სამუშაოებს დავით ნარმანია პირადად გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ჩუღურეთში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები გვარდება.

„ჩუღურეთის რაიონში ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება ხდება:  ვაგებთ გზებს, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, კეთდება სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ტროტუარები, მაგრდება ავარიული სახლები. მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას იმისათვის, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეთ და ის რაც დავპირდით, შევასრულოთ ბოლომდე, ამიტომაც კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს უკეთესი საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ჩუღურეთის რაიონში დასრულდა სამუშაოები აჭარის ქუჩაზეც, 5600 კვ.მ ფართობზე. დგებუაძის N1-ში კი, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, გამოიცვალა  წყალკანალიზაციის სისტემა, დასრულდა 5 სადარბაზოს რემონტი. უახლოეს დღეებში დაიწყება ლიფტების რეაბილიტაცია. მოეწყო  ახალი სტადიონი.