ვასილ გონაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნა მთავრობის კონტრასიგნაციას საჭიროებს

ვასილ გონაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნა მთავრობის კონტრასიგნაციას საჭიროებს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სამართლის დოქტორი ვასილ გონაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნა საჭიროებს მთავრობის კონტრასიგნაციას. როგორც ვასილ გონაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გაუგებრობა გამოიწვია იმ საკითხმა, საჭიროებდა თუ არა პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნა კონტრასიგნაციას.

”აღნიშნული გამომდინარეობდა იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ 73-ე პრიმა მუხლში ორაზროვნად წერია აღნიშნული საკითხი. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საჭიროებს მთავრობის კონტრასიგნაციას, გამომდინარე იქედან, რომ კონსტიტუციური ფორმულირების მიხედვით, პარლამენტის არჩევნების დანიშვნას და მის დათხოვნას, ორივეს ეხება კონსტიტუციის მე-80 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

აქედან გამომდინარე, თუ მე-80 მუხლის საფუძველზე ხდება არჩევნების დანიშვნა და პარლამენტის დათხოვნა, მხოლოდ მას არ სჭირდება მთავრობის კონტრასიგნაცია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ახლად არჩეული პარლამენტი არ დაამტკიცებს მთავრობას და პარლამენტს დაითხოვს პრეზიდენტი. ყველა სხვა შემთხვევაში არჩევნების დანიშვნას სჭირდება მთავრობის, პრემიერის კონტრასიგნაცია”, - განაცხადა ვასილ გონაშვილმა.

რაც შეეხება პროცედურებს, კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია როდესაც არჩევნების დანიშვნას აპირებს, არა უგვიანეს 2 თვისა დანიშნოს არჩევნები.

”ანუ, თუ პრეზიდენტი აპირებდა არჩევნების დანიშვნას 8 ოქტომბერს, ის ვალდებული იყო, რომ სულ მცირე 2 თვით ადრე მაინც დაენიშნა არჩევნები. 2 თვეზე ადრე როდის დანიშნავს, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია და მას ამის უფლება აქვს. მაგრამ, პრეზიდენტს არ აქვს უფლება მაგალითად არჩევნები დანიშნოს 8 აგვისტოს შემდეგ, 2 თვით გვიან, თუ 8 ოქტომბერს აპირებს არჩევნების დანიშვნას.

პროცედურა ახლა არის შემდეგნაირი - პრეზიდენტის აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ უნდა გადაეცეს მთავრობას, 2 დღის ვადაში ეგზავნება მთავრობას. მთავრობამ ან უნდა მოიწონოს 10 დღის ვადაში, ან პრეზიდენტს დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით. პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ან გაითვალისწინებს მთავრობის შენიშვნებს ან არ გაითვალისწინებს. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს აღნიშნულ საკითხს, შემდეგ პრეზიდენტი 6 თვის განმავლობაში ანალოგიურ საკითხს კონტრასიგნაციაზე ვეღარ წარუდგენს მთავრობას”, - განაცხადა ვასილ გონაშვილმა.