საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებები ძალაში 8 აგვისტოდან შევა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია სწორედ 8 აგვისტოდან დაიწყება.
”ეს სამწუხაროდ მანიპულაციაა - არ არის კარგი საქმე ანუ პოლიტიკურად პროცესი წავა, მაგრამ არ იქნება ამოქმედებული სამართლებრივი შედეგები. წინასაარჩევნო კამპანია რეალურად 8 აგვისტოდან ამოქმედდება, იქამდე კი პირებს აგიტაციის გაწევა შეეძლებათ”, - განაცხადა ალაფიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. ორივე განკარგულება კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა.
როგორც ცნობილია, კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება ”საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია იწყება. ამას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.