თბილისის საქალაქო სასამართლომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი დგებუაძე პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დაცვის მხარის ორი შუამდგომლობიდან ერთი დააკამყოფილა და პროცესი გადადო.
აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა კი, არ დაკმაყოფილდა.
მოსამართლემ დგებუაძის გათავისუფლებაზე უარის მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა, რადგან იგი თავს არიდებდა გამოძიებას.
გია დგებუაძე ჰოლანდიაში 2014 წლის ივნისში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს. მისი ექსტრადირება საქართველოში 22 მარტს განხორციელდა.
"ჩემთვის ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. მე ამ საქმეზე ღირსებაშელახული ვარ", - განაცხადა მან სასამართლო პროცესზე.
მისი თქმით, ის არ აპირებს მიმალვას და გამოძიებისათვის ხელის შეშლას, შესაბამისად, მოითხოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებას.
"ვთვლი, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი ფაქტები სულ სხვა მიმართულებით წაიყვანს სიტუაციას - შექმნის იმ რეალურ სურათს, რაც დაკავშირებულია ამ ტრაგიკულ ოპერაციასთან.
არანაირად არ ვაპირებ არც მიმალვას და არც თავის არიდებას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ასევე, ის, რომ 22-23 თვე დაიწყო, რაც წინასწარ პატიმრობაში ვიმყოფები.
"რა მნიშვნელობა აქვს, ეს იქნება ჰოლანდია ბელგია თუ მარსი? ამიტომ, გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი ადვოკატების მოთხოვნა”, - განაცხადა გიორგი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე.
გიორგი დგებუაძის სასამართლო პროცესი 17 მაისს განახლდება.
დგებუაძეს ორი ბრალდება აქვს - ორი ან მეტი პირის მიერ განზრახ მკვლელობა, რაც 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე - ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (3-დან 8 წლამდე პატიმრობა).