იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კულტურის ახალი სახელმწიფო ტრადიციების დამკვიდრების თვალსაზრისით, არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადება მნიშვნელოვანია.
როგორც ლევან ალაფიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, როგორც წესი, ზუსტად ბოლო დღეს, მაქსიმუმ 2 თვით ადრე ინიშნებოდა ყოველთვის არჩევნები, ხოლო მანამდე იყო მანიპულაციები, კანონს მიღმა ქმედებები თუ ქმედებებში დადანაშაულება.
”ახლა ასე არ არის. მართალია, სავარაუდოდ ყველაზე მზად მთავრობაა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთვის, რადგან მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოპერატიულად მოახდინონ მობილიზება, წინასაარჩევნო კამპანიის თუნდაც აგვისტომდე პერიოდში სამართლებრივ გარემოზე დაკვირვება შეძლონ და კამპანიაც კანონით გათვალისწინებული ფარგლებში, სამართლიან გარემოში წარიმართოს”, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ პროცედურებს, როგორც ალაფიშვილი განმარტავს, არჩევნების თარიღის საჯარო გამოცხადება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, თუმცა ”უნდა ვივარაუდოთ, რომ რადგან შეთანხმებული იყო და პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა ეს განცხადება”, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურადაც გაფორმდება ბრძანებულების სახით, რომელიც კონტრასიგნაციის წესით დადასტურებული იქნება პრემიერ-მინისტრის მიერ.
”სწორედ ამ თარიღიდან იწყება საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, წინასაარჩევნო აგიტაცია, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს უკვე ამ ბრძანებულების გამოცემიდანვე აწესებს, ხოლო ნაწილი უშუალოდ არჩევნებამდე 2 თვით ადრე შევა ძალაში.
ბოლო პერიოდში საზოგადოების მსჯელობის საგანი იყო მინისტრების და თვითონ პრემიერის საპარლამენტო სიებში ყოფნა-არყოფნის საკითხი და იმავე დროს თანამდებობაზე დარჩენის საკითხი. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე არ წყდება. თუმცა მე ვფქირობ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები უკვე შეიძლება იყოს საზოგადოების და სახელმწიფოს ზრუნვის საგანი. ეს შეეხება იგივე მინისტრების წინასაარჩევნო აგიტაციას, იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მოსყიდვას, რომელიც მკაფიოდაა გაწერილი საარჩევნო კოდექსში.
ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემის შემდგომვე, ანუ უახლოეს დღეებში, მინისტრებს და არც პრემიერს არ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაცია, გამონაკლისია მხოლოდ ორი მინისტრი - თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მათ არ შეუძლიათ და ეს პირდაპირაა გაწერილი საარჩევნო კოდექსში”, - განაცხადა ალაფიშვილმა.
რაც შეეხება შემდეგ პროცედურებს, ალაფიშვილის განმარტებით, ეს უკვე არის ადმინისტრაციული კუთხით საარჩევნო ადმინისტრაციის და რესურსების ფორმირება-განახლება.
”ეს არის საარჩევნო კომისიების ფორმირება, როგორც ოლქების დონეზე, ასევე ადგილებზე, იგივე მაჟორიტარული ოლქების და კომპეტენციების გამიჯვნა, საბიუჯეტო საკითხები, იგივე მონიტორინგის საკითხები, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მობილიზება არასახელმწიფო სექტორის, სადაც მოვიაზრებ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე უცხოურ სახელმწიფოებს, რომლებიც მონიტორინგს განახორციელებენ.
რამდენად არის მზად ეს ყველაფერი და უახლოესი პერიოდის განმავლობაში რამდენად მოესწრება, ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული სამართლიანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების თვალსაზრისით”, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.