თუ ”რესპუბლიკელი მინისტრები” საარჩევნო სიაში იქნებიან, მინისტრების პოსტებს დატოვებენ

თუ ”რესპუბლიკელი მინისტრები” საარჩევნო სიაში იქნებიან, მინისტრების პოსტებს დატოვებენ

”რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ თუ ”რესპუბლიკელი მინისტრები” საარჩევნო სიაში იქნებიან, ისინი მინისტრების პოსტებს დატოვებენ.

როგორც თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური პარტიები უკვე გადავიდნენ წინასაარჩევნო რეჟიმში.

”ვიცით, რომ 60 დღით ადრე დაიწყება ოფიციალურად საარჩევნო კამპანია, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიცია უკვე წინასაარჩევნო რეჟიმშია. მომავალ ხედვებზე იწყება საუბარი, მსჯელობა მიდის ვინ იქნება კანდიდატები, როგორ იქნება სიები წარდგენილი”, - განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, ”რესპუბლიკურ პარტიას” ჰყავს პარტიული ლიდერები, რომლებიც არიან ”რესპუბლიკური პარტიის” მიერ წარდგენილი მინისტრები.

”რესპუბლიკური პარტია” სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესში ”რესპუბლიკელ მინისტრებთან” შეთანხმებით გადაწყვეტს იქნებიან თუ არა ისინი საპარლამენტო კანდიდატები პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემით. ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი არ არის. უახლოეს მომავალში, როდესაც პარტია ჩამოყალიბდება ამის შესახებ გაცნობებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ისინი იქნებიან კანდიდატები, მათთანვე შეთანხმებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დატოვებენ მინისტრების პოსტს”, - განაცხადა კორძაიამ.