„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გლდანში თავისუფალი ეკონომიკური ზონა, პირობითად, ოფშორი მოიწყო, სადაც ბიტკოინის მოპოვების სერვერების სისტემას აშენებს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 18 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საზოგადოება „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს“ სიმბოლური ფასად, 1 ლარად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით გადაეცა. აღნიშნული კომპანიის უკან, ცისკარიშვილის ინფორმაციით, სწორედ თანაინვესტირების ფონდი და ბიძინა ივანიშვილი დგანან.
„პრაქტიკულად, ადამიანების დასაქმება იქ არ ხდება. ამის საჭიროება არ არსებობს, მაქსიმალურად შეიქმნას რამდენიმე ერთეული სამუშაო ადგილი, თვითონ ივანიშვილმა კი მიიღო ძალიან სერიოზული შეღავათები, გადასახადებისგან აბსოლუტურად გათავისუფლება და რაც მისთვის ყველაზე მთავარი იყო, ნაკლებ გადასახადს გადაიხდის ელექტროენერგიისთვის. ხარჯების 90% ბლოკჩეინების სისტემის მუშაობისას მიდის სწორედ ელექტროენერგიაზე, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ელექტროენერგიის მიწოდება დღგ-ს გადასახადის გარეშე. შესაბამისად, ის გადაიხდის მაქსიმუმ 11,8 თეთრს ელექტროენერგიის გადასახადს, მაშინ როდესაც სხვა მსხვილი მომხმარებლებისთვის ეს გადასახადი 14 თეთრია, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, მათ შორის პენსიონრებისთვის კი - 17 თეთრი“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში კომპანიას 11 110 000 ლარის ოდენობის ინვესტირება უნდა განეხორციელებინა.
„შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ინვესტიციები იდება და ეს არის კარგი, მაგრამ სხვა ვერც ერთი ინვესტორი ვერ იღებს ქვეყანაში მსგავს ოფშორებს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. როდესაც არაფორმალური მმართველი არის ექსკლუზიური „ინვესტორი“ ქვეყანაში, ამის შედეგია ის, რომ ყველა სხვა პოტენციური ინვესტორი ფრთხება და ქვეყნიდან გარბიან“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.