აფხაზეთიდან დევნილი მაიორის 6-სულიან  ოჯახს  სამინისტრომ იპოთეკური სესხი დაუფარა

აფხაზეთიდან დევნილი მაიორის 6-სულიან ოჯახს სამინისტრომ იპოთეკური სესხი დაუფარა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აფხაზეთიდან დევნილი მაიორის გიგა ავალიანის ოჯახს ესტუმრნენ.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ  ავალიანების  6-სულიან  ოჯახს 20 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი დაუფარა. მათ,  რამდენიმე წლის წინ თბილისში, გორის ქუჩაზე ოროთახიანი ბინა იპოთეკური სესხით  შეიძინეს.

„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“  პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე,  სამინისტრომ სულ 72 დევნილი ოჯახი დააფინანსა.

2016 წლის ბიუჯეტში სამინისტროს ამ მიმართულებით 1 000 000 ლარი აქვს გამოყოფილი. პროექტის მესამე ეტაპზე, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2016 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი.

33 წლის მაიორი გიგა ავალიანი 17 წელია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. სამხედრო კარიერის განმავლობაში მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: გენერალ მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები და მედალი ლომგული.  ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი  ISAF-ის  მისიაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის გადაეცა.

გიგა ავალიანი 9 წლის იყო, როდესაც აფხაზეთი დატოვა, როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მისი არჩევანი ემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.  ამჟამად, მაიორი გიგა ავალიანი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში მსახურობს. 

მაიორ ავალიანს მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი ყავს.