ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, წესით, უშიშროების საბჭო უკვე ჩატარებული უნდა იყოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა. სანიკიძის თქმით, კავკასია დიდი აფეთქების წინაშეა და საქართველოს ხელისუფლება სხვა რეჟიმზე უნდა იყოს გადასული.
"ყველა ვარიანტში ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ იმას, თუკი ამის საშუალება არის, რომ პროცესი ცეცხლის შეწყვეტისაკენ წავიდეს. ეს მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არ არის – მხარეებს თავის შეკავებისკენ უფრო დიდი მოთამაშეები მოუწოდებენ. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს იმის მიხედვით, თუ როგორც განვითარდება მოვლენები. სავარაუდოდ, თუკი კონფლიქტი გაღრმავდა, მასში შეიძლება რუსეთი და თურქეთი ჩაერთოს. ის თუ როგორ ჩაერთვებიან, ბევრი ვერსიაა – ამიტომ ყველა ვერსიისთვის უნდა ვიყოთ მზად და კონტრზომების მისაღებად. როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულად დაგვჭირდება ამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა, რადგან კავკასია არის დიდი აფეთქების წინაშე. სხვათა შორის, ამაზე ჩვენ "ფორუმელებს" არაერთგზის გვისაუბრია, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მივიქციეთ ვერც საზოგადოების, ვერც მედიის და ნაწილობრივ ალბათ ვერც ხელისუფლების ყურადღება. წესით უშიშროების საბჭო უკვე ჩატარებული უნდა იყოს", - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.