"ეროვნული ფორუმის" უმრავლესობა კოალიციის შემადგენლობიდან გასვლას მხარს უჭერს

"ეროვნული ფორუმის" ყრილობის დაწყებისას ჩატარებული ე.წ. სარეიტინგო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პარტიის წევრთა უმრავლესობა მხარს კოალიციის შემადგენლობიდან გასვლას და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას უჭერს. სარეიტინგო კენჭისყრის შედეგები ჟურნალისტებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა რევაზ შავიშვილმა გააცნო. ყრილობის ბოლოს კი ჩატარდება კენჭისყრა, სადაც აღნიშნულ თემაზე პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

"წინასწარი მონაცემები ასეთია: 461 დელეგატიდან 360 დელეგატი მხარს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას უჭერს, 97 – საარჩევნო ბლოკში, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებულ კითხვაზე 342 დელეგატი აფიქსირებს, რომ კოალიციიდან გავდივართ, 117 – ვრჩებით კოალიციაში, 2-მა თავი შეიკავა. ასეთია გამოკითხვის წინასწარი მონაცემები. ამ საკითხებზე ყრილობაზე მიდის კამათი. შემდეგ ჩატარდება ღია კენჭისყრა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს რევაზ შავიშვილმა.

"ეროვნული ფორუმის" რიგგარეშე ყრილობა მედიისთვის დახურულია.