სომხური მხარე უარყოფს, რომ აზერბაიჯანმა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი არცრუნ ჰოვანისიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. "აზერბაიჯანის განცხადება არასწორია და ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს", - წერს ჰოვანისიანი.
სომხური მხარის ცნობით, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. თავის მხრივ, რამდენიმე საათის წინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში კონტრშეტევით ოპერაციას ცალმხრივ რეჟიმში აჩერებს.
სამხედრო დაპირისპირება მხარეებს შორის შაბათს დაიწყო, როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმა ბოლო 22 წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის ზონაში ყველაზე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების შესახებ განაცხადეს. მხარეებს შეკავებისა და სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ მსოფლიო საზოგადოებამ მოუწოდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 12 აზერბაიჯანელი და 18 სომეხი სამხედრო მოსამსახურე.