გუბაზ სანიკიძე:  თუკი

გუბაზ სანიკიძე: თუკი "ეროვნული ფორუმი" კოალიციიდან გავა, მე თანამდებობას დავტოვებ

თუკი "ეროვნული ფორუმის" ყრილობა კოალიციიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლას გადაწყვეტს, მე თანამდებობას დავტოვებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა.

"ეროვნული ფორუმის" საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნა არის ტექნიკური საკითხი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ არის სტრატეგიული თემა, ეს უფრო ტაქტიკის საკითხია. კოალიციიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლოგიკა გულისხმობს უმრავლესობიდან გასვლასაც, მაგრამ ჯერ პარტიის წევრებს მოვუსმენ", - აღნიშნა სანიკიძემ. მისივე შეფასებით, კოალიცია ფაქტობრივად შენარჩუნებული არ არის და ის მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

გუბაზ სანიკიძე ყრილობაზე წარადგენს ანგარიშს, სადაც შეაფასებს ხელისუფლების საქმიანობას და ასევე კოალიციის ფორმატში "ეროვნული ფორუმის" საქმიანობას. ყრილობის მონაწილე დელეგატებმა 2 საკითხზე უნდა გასცენ პასუხი – უნდა დატოვოს თუ არა "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიციის შემადგენლობა და როგორ უნდა მიიღოს პარტიამ მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ყრილობა მედიისთვის დახურულია.