მთაწმინდაზე, ტყის აღდგენის მიზნით 3000 ნერგი დაირგო

მთაწმინდაზე, ტყის აღდგენის მიზნით 3000 ნერგი დაირგო

ოქროყანაში, დაავადებული და გამხმარი ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, ტყისაღდგენის პირველი ღონისძიება განხორციელდა. ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში დღეს3000  წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან, მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო. 

აღნიშნული ტერიტორია ხეების დაავადებების გავრცელების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კერას წარმოადგენდა.  ტყის მასივების  ფიტოსანიტარიული მონიტორინგის შედეგად, აქ, არსებული ნარგავების თითქმის 100%-იანი ხმობა იყო დაფიქსირებული. საშიში კერის გაზრდის პრევენციის მიზნით, მხოლოდ ოქროყანაში 10 000 დაავადებული ხე მოიჭრა. ნარჩენებისგან გაწმენდის შემდეგ კი ტერიტორიის ეტაპობრივი გამწვანებით ტყის აღდგენა დაიწყო. გამხმარი ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე  10 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ხე-მცენარე დაირგვება.

"2014 წლის ზაფხულში ამ ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა ტყის გარკვეული ნაწილი გაანადგურა,ასევე დიდი ნაწილი იყო მავნებლებისგან დაზიანებული და გამხმარი. ჩვენ  გავასუფთავეთ და გავამწვანეთ ტერიტორია. აქ ჯამში 10 000 ხე დაირგვება. დღეს კი 3000 ნერგი დავრგეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 სპეციალისტების რეკომენდაციით, შერეული სახეობების ნერგებით ტყის აღდგენა  ტყის  კორომების სიმდგრადისთვის უმნიშვნელოვანესია.

აღსანიშნავია, რომ რგვები ქალაქის მასშტაბით სამი ძირითადი მიმართულებით, ტყე-პარკების აღდგენის,  ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანებისა და, ასევე,  სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება.

საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები დაირგვება. მცენარეების დარგვის შემდეგ მათ მოვლა-პატრონობას  კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ.

2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე,შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.