3 აპრილს პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" რიგგარეშე (მე-5) ყრილობა გაიმართება. ყრილობა, 13:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ჩატარდება.
როგორც "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანი მიროტაძემ "ინტერპრესნიუსს" ორი დღის წინ განუცხადა, რამდენიმე ვარიანტი განიხილება, რომელზეც პარტია სწორედ ყრილობაზე იმსჯელებს.
"ჩვენ შევეკითხებით ჩვენი პარტიის წევრებს, როგორ მოვიქცეთ. ვიდრე არ ჩატარებულა ყრილობა, მე ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, თუ რას ვიზამთ. ყრილობის ფორმატში ჩვენ შევეკითხებით ჩვენს მხარდამჭერებს არა მხოლოდ იმას, დამოუკიდებლად წავიდეთ თუ არა, არამედ როგორ წარმოუდგენიათ სამომავლოდ თანამშრომლობა კოალიციაში შემავალ პარტიებთან – ისევ კოალიციაში თუ სხვაგვარი ურთიერთობები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ჩაგვიტარებია ყრილობა, რაიმე უფრო კონკრეტულს ვერ ვიტყვი, თუმცა რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ", - განაცხადა მიროტაძემ.
მისივე თქმით, პირადად მისი სურვილია "ფორუმმა" დამოუკიდებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.