ქართულმა მხარემ სიტყვიერი გარანტია მოგვცა, რომ ეუთოს ასამბლეას რუსეთის დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრება

ქართულმა მხარემ სიტყვიერი გარანტია მოგვცა, რომ ეუთოს ასამბლეას რუსეთის დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრება

თბილისმა მოსკოვს სიტყვიერი გარანტია მისცა, რომ რუსული დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოსვლას სრული შემადგენლობით შეძლებს.

როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსკოვს თბილისისგან წერილობითი გარანტიის მიღებაც სურს.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად ადგილი აქვს ანტირუსულ რიტორიკას, ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის კუთხით არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება და რუსეთის დელეგაციას დაუშვებენ სრული შემადგენლობით. ბუნებრივია, გვსურს წერილობითი გარანტიების მიღება, რაც შეპირებული იყო, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის", - განაცხადა კოვალიოვმა.

მისი ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირება რუსულმა მხარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელისგან მიიღო.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია თბილისში მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.