"კამპანიის დამოუკიდებლად წარმოებაზე კონსულტაციები დიდი ხანია, მიმდინარეობს"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე, გია ვოლსკის განცხადებით, კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ, წინასაარჩევნოდ, დამოუკიდებლად კამპანიის წარმოებაზე დიდი ხანია, კონსულტაციები მიმდინარეობს.

ვოლსკის თქმით, ის მიზნები, რის გამოც კოალიციაში პარტიები 2012 წლის არჩევნებისთვის გაერთიანდნენ, მიღწეულია, ახლა კი, დამოუკიდებლად მოქმედების დროა. 

"ამ თემაზე, დიდი ხანია, მიმდინარეობს კონსულტაციები. 2012 წლის არჩევნებისთვის, ჩვენი გაერთიანება გარკვეული პრინციპებისა და პროგრამების საფუძველზე მოხდა. ამ სტრატეგიული გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა. ჩამონათვალი გრძელია. არის სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზები, რის გამოც, გარკეული საკითხები ისევ დღის წესრიგში დგას. ახალი საარჩევნო ეტაპი იწყება. ოთხი წელი გავიდა და დიდი ალბათობით, ხედვები, სამოქმედო გეგმები, სხვადასხვა გვექნება. ამიტომ, სავსებით ნორმალურად მიმაჩნია, რომ საარჩევნო ბლოკში აღარ ვიყოთ ერთად. შემდეგ რა მოხდება, არჩევნების შემდეგ, ისევ კოალიციურად განვაგრძობთ მუშაობას, რამე შეთანხმებები იქნება, თუ რა იქნება, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ვისი ინიციატივა იყო, არ აქვს ამას მნიშვნელობა. მგონი ნორმალურ პროცესზე ვსაუბრობთ და არავითარი საკვირველება და სასკანდალო არაფერია. ეს არ არის აქ მთავარი საკითხი", - განუცხადა ვოლსკიმ "პირWელს".

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ 2012 წელს წინასაარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.  

ამას წინ უძღოდა "რესპუბლიკელების" განცხადება, რომ ისინი დამოუკიდებლად ემზადებიან არჩევნებისთვის.