პარლამენტის საქმიანობის პარალიზება მოსალოდნელი არ არის - გადაწყვეტილებების მიღება გართულებული ახლაც არის და შეიძლება კიდევ იყოს, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად შეძლებს მოქმედი პარლამენტი ქმედუნარიანობის შენარჩუნებას და პარლამენტის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებას.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამისთვის უმრავლესობის მხრიდან გარკვეული თადარიგია დაჭერილი. მისი თქმით, "სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გასულ წელს მიიღეს და ახლაც არის მნიშვნელოვანი თემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი პარალიზებული იქნება".
"მოქმედი პარლამენტი არის საკმაოდ რთული პარლამენტი – ჩვენ ეს განვლილი სამწელიწადნახევრის პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცით. ერთი წლის წინ, პარლამენტის თუ პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების წინაშე არანაირი საარჩევნო საკითხები არ იყო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები იყო. ეს საკმაოდ მრავალპარტიული, საკმაოდ ფრაგმენტირებული პარლამენტია. კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის წინაშე უპრეცედენტო რამ შეძლო, რადგან 25-წლიანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმავლობაში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მონაკვეთს, როცა მრავალპარტიულ კოალიციას ამდენი ხნის განმავლობაში გაეძლო და ქვეყანა უმრავლესობის სახით ემართა. არჩევნების მოახლოებისას, ყველა ქვეყანაში, პარლამენტებში უფრო და უფრო ჭირს ხოლმე რაღაც საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობაა. ჩვენ კანონშიც კი გვიწერია, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პარლამენტი როგორც წესი, წყვეტს საქმიანობას. ეს იქედან გამომდინარე, რომ იმდენად პოლიტიზირებულია გარემო, რომ პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღება რთულდება ხოლმე. ეს სიმპტომები, რა თქმა უნდა, უკვე არის და მეტი იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, "რესპუბლიკური პარტია" დაინტერესებულია, ქვეყანაში წინასაარჩევნოთ შენარჩუნდეს სტაბილურობა, რაც უმრავლესობის სტაბილურობასაც ნიშნავს.
"ჩვენ არ ვართ და არ ვიქნებით საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის მიზეზი – ასეთი რამ ჩვენი გადაწყვეტილებით არ იქნება. მე ეს ღრმად მწამს. ჩვენ უმრავლესობაში გვაქვს 10 მანდატი. დანარჩენი პარტიები და ინდივიდები როდის, როგორ მოიქცევიან, ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.