პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის განცხადებით, მიუხედავად სახელმწიფო უწყებების ძალისხმევისა, დაანონსებული კადრების გავრცელების მცდელობა და მუქარა გრძელდება.
ქალდანმა აღნიშნა, რომ მოქალაქეები ავლენენ მაღალ თვითშეგნებას და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მზაობას, საზოგადოება კი, მკვეთრად და ხმამაღლა ამბობს, რომ სხვისი პირადი ცხოვრება მას არ ეხება და არ დაუშვებს პირადი ცხოვრებით შანტაჟს.
"მინდა გამოვეხმაურო დღეს მორიგ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად, მოახდინეს გარკვეული სახის პრევენცია, კვლავ გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების და შანტაჟის მცდელობა. ჩვენი საზოგადოება გამოხატავს ძალიან მაღალ თვითშეგნებას და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას. საზოგადოებამ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ თქვა, რომ სხვისი პირადი ცხოვრება მას არ ეხება და არ დაუშვებს პირადი ცხოვრებით შანტაჟს. ამავდროუალდ, ყველა აცნობიერებს, რომ მიმდინარე გამოძიებებს სავარაუდოდ, დაემატება კიდევ ერთი რეზონანსული საქმე", - განაცხადა ქალდანმა სპეციალურ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საზოგადოება დღითიდღე კარგავს ამ გამოძიებების სწრაფად და ეფექტურად დასრულების იმედს.
"სწორედ ამიტომ, მგონია, რომ საჭიროა, ყვევლა რესურსის მობილიზება, ერთიანი, კონკრეტული და ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმის შემუშავება. უნდა გაანალიზდეს მიმდინარე გამოძიებებში შესაძლო ნაკლოვანებები და მყისიერად მომზადდეს ასეთი ხარვეზების აღმოფხვრის გზები. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქმეში უცხოელი ექსპერტებისა და უწყებების ჩართვა უშუალოდ საგამოძიებო პროცესებში. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებით დგება, მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული და საჭიროა, რეფორმების გაგრძელება", - აღნიშნა ქალდანმა.