გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია "ქართული ოცნების" პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული და ცნობილი დღეს გახდა, ეს არის პარტიის გადაწყვეტილება, თუმცა ის არ არის მიღებული მხოლოდ "რესპუბლიკური პარტიის" გადამოსახედიდან.
"ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, სხვა პირებთან, კოალიციის ლიდერებთან. ჩვენი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია "ქართული ოცნების" პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, როგორც პარტიის და ამ რეალობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ გამოწვევას, ამ რეალობას, რომელიც მრავალპარტიული ცხოვრებისთვის ნორმალური მოვლენაა. მოგეხსენებათ, რომ იქ, სადაც კოალიციები იქმნება, ისინი იქმნებიან არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად, ხოლო რაც შეეხება არჩევნებს, მასზე პარტიები გადიან ან ცალ-ცალკე, ან საარჩევნო ბლოკებად. ამიტომ ჩვენი მიღებული გადაწყვატილება არის გარკვეულწილად ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვითარებასა და წინსვლაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.