თუ

თუ "რესპუბლიკელები" და "ეროვნული ფორუმი" უმრავლესობას დატოვებენ, შესაძლოა მთავრობის უნდობლობის კონტურები გამოიკვეთოს

თუ "რესპუბლიკელები" და "ეროვნული ფორუმი" უმრავლესობას დატოვებენ, მაშინ შესაძლებელია გარკვეული კონტურები გამოიკვეთოს მთავრობის უნდობლობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა. თუმცა, მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ფრაქციაში მივლენილი არიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

"თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "რესპუბლიკური პარტია" დაახლოებით 10 მანდატს ფლობს და 6 დეპუტატისგან შედგება ფრაქცია "ფორუმი", მაშინ შესაძლებელია გამოიკვეთოს გარკვეული კონტურები მთავრობის უნდობლობის თვალსაზრისით. თუმცა კიდევ ერთი პრობლემა არის, რომ იმის გამო, რომ ზოგიერთი ფრაქცია შექმნილიყო, "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი დეპუტატები მიავლინა. ასე რომ, ეს კარგად არის დასათვლელი და გასაანალიზებელია - კონკრეტული დეპუტატი რა პოზიციას იკავებს ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით და ფრაქციები ავტომატურად არ ებმიან პარტიულ ინტერესებს", - განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 76 ხმაა საჭირო მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად.

"საქართველოს კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს უნდობლობის პროცედურას, რომლის განსახორციელებლად ხმების იგივე რაოდენობაა საჭირო. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს უნდობლობის გამოცხადების პროცედურას, რაც საკმაოდ რთული პროცესია და როგორც ხმების მოგროვების თვალსაზრისით, ასევე დროის თვალსაზრისით, უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გაგრძელდეს", - აღნიშნა მენაბდემ.