"აუდიტორია 115" თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლას ვლადიმერ პაპავას გადადგომისთანავე ითხოვს

"აუდიტორია 115"-ის წევრები თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლას 1 მაისს, ვლადიმერ პაპავას მიერ თანამდებობიდან გადადგომისთანავე ითხოვენ.

როგორც "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელმა დეა მინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ თსუ-ს არსებული აკადემიური საბჭო ვლადიმერ პაპავას გადადგომისთანავე არ დაიშლება, საბჭოს შეეძლება კანცლერის არჩევა სტუდენტების ჩართულობის გარეშე.

"თუ მოქმედი აკადემიური საბჭო 1 მაისს პაპავასთან ერთად არ გადადგება აკადემიურ საბჭოს შეეძლება 1 ივნისამდე კანცლერი აირჩიოს, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ჩვენ გვინდა, რომ რექტორის კანცლერისა და სენატის არჩევა სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით მოხდეს", - განაცხადა დეა მინაძემ.

ასევე, დეა მინაძის თქმით, 1 აპრილს, სტუდენტებმა განათლების მინისტრს უნდა წარუდგინონ საკანონმდებლო იდეა განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე.