"რესპუბლიკელებისთვის" პოლიტიკურად დამაზარალებელი იქნება თანამდებობების დატოვება

ყველა ვალდებულებას თავისი ვადა აქვს, - ასე აფასებს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი "რესპუბლიკების" გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ვალდებულებაში კოალიციური თანამშრომლობის შესახებ წინა არჩევნებისას აღებული ვალდებულება იგულისხმება, რაც მოახლოებული არჩევნებისთვის იწურება.

"ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ყველა ვალდებულებას თავისი ვადა აქვს. შესაბამისად, "რესპუბლიკელები" ამბობენ, რომ ამ ვადაში პარტნიორულ ურთიერთობებში დარჩებიან, ხოლო შემდეგ ყველანი ცივილიზებულად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ასე რომ, ყველა ვალდებულებას აქვს თავისი ვადები. მით უფრო ცხადია, რომ პოლიტიკურად ძალიან დამაზარალებელი იქნება მათთვის თანამდებობების დატოვება და ამით იმ ბერკეტებზე უარის თქმა, რაც ყველა პოლიტიკურ პარტიას სჭირდება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაქარია ქუცნაშვილმა.