"რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილება ნორმალური და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილებას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესად აფასებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ განუცხადა, "რესპუბლიკური პარტიის" დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკური პროცესის ნაწილია.

"ჩვენ 2012 წლის არჩევნებისთვის გავერთიანდით გარკვეული პრინციპების გარშემო და 4 წლის გასვლის შემდეგ დასაშვებია, რომ შეიცვალა გარკვეული ხედვები, გარკვეული მიმართულებები. პარტიაც უფრო პარტიული პროგრამების რეალიზაციის რეჟიმში გადავა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ წინასაარჩევნოდ ბლოკი შეიძლება აღარ გამოიყურებოდეს, როგორც დღევანდელი კოალიცია. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ნორმალური, ჯანსაღი მგონია, რომ ბლოკის შემადგენლობას წინასაარჩევნო პერიოდში გადავხედოთ. ეს არაერთხელ ითქვა სხვადასხვა დონეზე და ეს დადასტურდა "რესპუბლიუკური პარტიის" მიერ", - განაცხდა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, "რესპუბლიკურ პარტიას" კოალიციისთვის არანაირი ულტიმატუმი არ წაუყენებია.

"ეს არის ნორმალური პროცესი, პოლიტიკური პროცესი, როდესაც საარჩევნოდ პარტია იღებს გადაწყვეტილებას. არ არის გამორიცხული, რომ რომელი პარტიებიც გადალახავენ ბარიერს, თავიანთი გადალახული ბარიერთი შექმნან კოალიცია და მოკავშირეთა გუნდი. რაც უფრო მეტს ვიფიქრებთ ქვეყანაზე და ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯებს გადავდგამთ, ისე დაგვაფასებს ქვეყანა და იმ დონის ხმებს მივიღებთ არჩევნების დროს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.