მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც პარტია განმარტავს, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აღნიშნულ საკითხებს ეტაპობრივად გადაწყვეტენ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
" სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში - ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტი-ნატოელებისა და ვიდეო-შანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე;
ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია "ქართული ოცნების" დაანონსებულ განახლებაზეც. ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება;
შევეცდებით, ჩვენი ნაბიჯების გამო არ გაჩნდეს კითხვები ქვეყნის სტაბილურობისა და ხელისუფლების კურსის თაობაზე, რაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხების ან ნატო-ს სამიტზე მინიმალისტური შედეგის მიღების მიზეზი შეიძლება გახდეს", - აცხადებენ პარტიაში.
"რესპუბლიკელების" განმარტებით, "რესპუბლიკელი" მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას.
"ამავე პერიოდში პარლამენტში ვითარება პირიქით იქნება - ფრაქცია "რესპუბლიკელები" იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა", - ნათქვამია "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში.