დავით ბაქარაძე მიიჩნევს, რომ ფარული კადრების გავრცელებას საზოგადოებამ ადეკვატური პასუხი გასცა

დავით ბაქარაძე მიიჩნევს, რომ ფარული კადრების გავრცელებას საზოგადოებამ ადეკვატური პასუხი გასცა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქარაძე მიიჩნევს, რომ ფარული კადრების გავრცელებას საზოგადოებამ ინდიფერენტული დამოკიდებულებით ადეკვატური პასუხი გასცა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, სამართალდამცველები უკვე თვეზე მეტია ძალიან ინტენსიური თანამშრომლობით ცდილობენ მიაკვლიონ, მაგრამ "ინტერნეტსივრცეს საზღვრები არ აქვს".

"მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ყველაზე მკაფიოდ რაც გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ, ეს იყო ძალიან სწორი პოზიცია ინდიფერენტულობის, რადგან ამაზრზენი დანაშაულებრივი ფაქტების იგნორირება, არის ერთადერთი ყველაზე სწორი ხერხი იმისთვის, რომ შევაჩეროთ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც განსაკუთრებით ინტერნეტსივრცის გლობალურობის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, საზღვრები არ აქვს. ჩვენი სამართალდამცველები უკვე თვეზე მეტია ძალიან ინტენსიური თანამშრომლობით ცდილობენ მიაკვლიონ, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტსივრცეს არ აქვს ის საზღვრები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უფრო მარტივად შევძლებდით ამ საკითხის გადაწყვეტას. ამ თვალსაზრისით მუშაობა და ძალიან აქტიური თანამშრომლობა გრძელდება", - განაცხადა ბაქრაძემ.

მინისტრი ფიქრობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ამ ამაზრზენი დანაშაულის წინააღმდეგ გაერთიანება შეუძლია.

"ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ამ დანაშაულის, ამ ამაზრზენი ფაქტების წინააღმდეგ სწორედ ჩვენი ინდიფერენტული დამოკიდებულებით მის მიმართ, რათა მათ, ვინც ამ დანაშაულებრივ აქტს ჩადის, შედეგს ვერ მიაღწიოს", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, დღესდღებით აქტიურად მუშაობა მიდის საერთაშორისო დონეზე ყველა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოსთან ერთად ამ საკითხის დასადგენად მომავალი შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით.

"ვფიქრობ, რომ თუ ბოლო ფაქტების მიხედვით ვიმსჯელებთ ჩანს, რომ საზოგადოება ამ კუთხით არის გაზრდილი, საზოგადოებამ ვფიქრობ, რომ ადეკვატური პასუხი გასცა და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით კონსოლიდირება სწორ გზავნილს გააგზავნის იმ დამნაშავეების მიმართ, ვინც თავს ამის უფლებას აძლევს", - განაცხადა ბაქრაძემ.