არასამთავრობო ორგანიზაციები ჟოზეფ დოლის მიმართვას უგზავნიან

არასამთავრობო ორგანიზაციები ჟოზეფ დოლის მიმართვას უგზავნიან

არასამთავრობო ორგანიზაციები "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერის თხოვნით მიმართავენ. წერილში, რომელსაც 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, ნათქვამია, რომ მიმართვის მიზანია, ხელი შეუწყონ და გააძლიერონ "ევროპის სახალხო პარტიის" მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი. მასში გამოხატულია მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ევროპის პარლამენტი, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და განსაკუთრებით "ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს მიმართ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე იჩენდნენ, მათ შორის, 2016 წლის 21 იანვარს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების ჩათვლით.

"ევროპული ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული არჩევანია. ქართველების მრავალი თაობის ოცნება იყო, ქვეყანა დაბრუნებულიყო ევროპული ცივილიზაციის წიაღში და ევროპული ოჯახის წევრი გამხდარიყო, ოჯახისა, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, რასაც ჩვენ სრულად ვიზიარებთ. ასწლეულების განმავლობაში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ჩვენს ევროპულ ოცნებასთან და ეს მთელი ჩვენი თაობის მონაპოვარია. ეს არის გულმოდგინე შრომის შედეგი ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომლის დროსაც ჩვენ რამდენიმე მთავრობა და პარლამენტი გამოვიცვალეთ და ეს არ არის რომელიმე ერთი პარტიისა თუ ხელისუფლების ექსკლუზიური დამსახურება. ევროპასთან დაახლოების პროცესი ნამდვილად არ ყოფილა იოლი. ამ გზაზე ბევრია უკვე მიღწეული, და როგორც თქვენ ქართულ მედიასთან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნეთ, ნამდვილად მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ამ მიღწევებში საქართველოს წინა ხელისუფლებას, მაგრამ ასევე იყო შეცდომები და ხარვეზები. სამოქალაქო საზოგადოების მიზანია, ამ შეცდომებზე რეაგირება გაზრდილი საჯაროობით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დიდი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ამას ვაკეთებდით და ვაკეთებთ. ალბათ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არცერთი მთავრობა არ წყალობდა. ჩვენ გვაკრიტიკებენ, ახორციელებენ ზეწოლას (ძირითადად ვერბალურს), თუმცა ამის გამო არასდროს შეგვიწყვეტია იმ ფასეულობების დაცვა, რომლებისაც გვწამს და გვჯერა. მათ შორის, არასდროს შეგვიწყვეტია ხელისუფლების ისეთი ქმედებების კრიტიკა, რომლების საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებს. ჩვენ არ გვჩვევია მთავრობის დაცვა და არც ახლა ვაპირებთ ამას. ამ წერილით გვინდა საქართველოს მოსახლეობის არჩევანი დავიცვათ. არჩევანი, რომელსაც, ვფიქრობთ, რომ ვიმსახურებთ", - ნათქვამია წერილში.

მიმართვაში ყუადღება გამახვილებულია ორ მნიშვნელოვან საკითხზე, რომ: 1. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არ წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რიგით პრიორიტეტს - ეს ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია. ამ კურსის ალტერნატივა რუსეთთან ყოფნაა, რასაც ჩვენ, ცხადია, აქტიურად ვეწინააღმდეგებით. შესაბამისად, ყველაფერი, რაც გვაახლოებს ევროპასთან, განამტკიცებს ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. იგივე ჭრილში განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც, რომელიც მნიშვნელოვნად გააღრმავებს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს. უფრო მეტიც, ამით პირდაპირ სარგებელს საქართველოს რიგით მოქალაქეები მიიღებენ, რომელთა ამჟამინდელ და მომავალ თაობებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა აქტიურად იურთიერთონ ევროკავშირის ხალხებთან. შედეგად, არა მარტო გაიზრდება ევროპული კულტურის დადებითი ზეგავლენა საქართველოზე, არამედ შესუსტდება რუსული პროპაგანდის ძალა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველების ევროპული იდეის მხარდაჭერა შეამციროს. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ უვიზოდ მიმოსვლის საშუალება, ყოველგვარი გადავადების გარეშე, რადგან ეს მხოლოდ გაზრდის პრო-რუსული ძალებისადმი მხარდაჭერას, რომელებიც ამ დრომდე წარმატებით სპეკულირ ებენ წარსული მარცხებით და წარმოაჩენენ ისეთ სურათს, თითქოს დასავლეთი არ არის მზად რაიმე კონკრეტული შესთავაზოს საქართველოს ჩვენი უფრო მჭიდრო ინტეგრაციის სურვილის საპასუხოდ. ყოველივე ეს განსკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა, და ჩვენ მივიღეთ ე.წ. მწვანე შუქი უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც მათ შორის თქვენი პარტიის მხარდაჭერით განხორციელდა.

2. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალყურს ქვეყანაში ნებისმიერი არადემოკრატიული პროცესის განვითარებას. ჩვენ ვაშუქებთ ყველანაირ ხარვეზს და ვცდილობთ ვაიძულოთ მთავრობა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და მოახდინოს კონკრეტული ცვლილებები სახელმწიფო პოლიტიკაში, მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების გზით. ამჯერად კი, ეს საერთაშორისო მხარდაჭერა სხვა მიზნით გვსურს რომ გამოვიყენოთ. ცხადია, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ, ვხედავთ და ვეჯახებით ამ პრობლემებს ყოველდღიურად და არ ვხუჭავთ თვალს მათზე. არაერთხელ გამოგვიქვეყნებია და მიგვიტანია ეს პრობლემები საერთაშორისო საზოგადოებამდე, მათ შორის ევროპარლამენტამდე. ამ პრობლემებს შორის იყო ის კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც, ბატონო პრეზიდენტო, თქვენც ახსენეთ - პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები, თავდასხმები თავისუფალ მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებზე.

"თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვჯერა, რომ მთლიანობაში ზოგადი ტენდენციები და მოვლენები ქვეყანაში პოზიტიურია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და რომ საქართველო კვლავაც მიიწევს წინ. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საქართველოს დაახლოება ევროპასთან შეამცირებს ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს და გააძნელებს დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევას. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ უვიზო მიმოსვლის უფლება შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე, რაც შეიძლება მალე და დამატებითი წინაპირობების გარეშე. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ ხართ ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი, რაც თქვენ და "ევროპის სახალხო პარტიამ" არაერთხელ დაამტკიცეთ ბოლო წლების განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, ევროპულ დედაქალაქებში, გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში ჩვენი გზავნილის გასაჟღერებლად, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გამარტივებული პროცედურებით იმოგზაურონ ევროპაში. გვჯერა, ეს გააუმჯობესებს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ევროპისადმი, შეამცირებს რუსული პროპაგანდის გავრცელებას და შეზღუდავს ხელისუფლების არადემოკრატიულ ნაბიჯებს. იმედი გვაქვს, რომ თქვენ და ევროპის სახალხო პარტია სამომავლოდაც დაგვიჭერთ მხარს იმ კრიტიკულ საკითხებში, რაც აუცილებელია საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის. მზად ვართ მომავალშიც განვაგრძოთ თქვენთან თანამშრომლობა", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 40-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ა.შ.