ასადი ოპოზიციის მონაწილეობით მთავრობის

ასადი ოპოზიციის მონაწილეობით მთავრობის "გარდამავალი ფორმატის" შექმნის ინიციატივით გამოდის

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მიზანი სირიის შიგნით დიალოგის წარმართვაა, რომლის შედეგადაც მთავრობის "გარდამავალი ფორმატის" შექმნის შესახებ შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული.

"ლოგიკურია, რომ მოლაპარაკებებზე ოპოზიციური ძალებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც სახელმწიფოს ერთგულები არიან," – როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ განცხადება ასადმა გააკეთა.

"გარდამავალი მთავრობის" განმარტებისგან პრეზიდენტმა თავი შეიკავა, რადგან ასადის თქმით, მსგავსი ტერმინი არც სირიის და არც სხვა ქვეყნების კონსტიტუციაში არ არის განმარტებული.

"ჩვენ სირიაში მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური გარდამავლობა ერთი კონსტიტუციიდან მეორეზე გადასვლას გულისხმობს – ეს არის ის, რაც შემდეგ ეტაპზე აუცილებელ პოლიტიკურ მოწყობას განსაზღვრავს," – აღნიშნა სირიის ლიდერმა.

ასადის განცხადებით, კონსტიტუციის სამუშაო ვარიანტი შესაძლოა რამდენიმე კვირის ვადაში მომზადდეს.