"ყველა სამსახური მობილიზებულია"

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფარული კადრების გამოქვეყნების დაანონსებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ რადგან 31 მარტისთვის დაანონსებული იყო ფარული კადრების კვლავ გამოქვეყნება, ამისთვის ყველა სამსახური მობილიზებულია და მაქსიმალურად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება შესაძლებლობის ფარგლებში.

"რადგან ხვალ 31 მარტია და არის მოლოდინი, რომ კიდევ გამოქვეყნდება ფარული კადრები, მინდა ვისურვო, რომ ჩვენი მოქალაქეების მორალური ტერორი დასრულდეს. ინტერნეტსივრცის სრულიად დაზღვევა შეუძლებელია. ამას დღეს მსოფლიოში ვერც ერთი სახელმწიფო ვერ აკეთებს, მაგრამ ყველა ცდილობს, რომ მაქსიმალური პრევენციული ღონისძიებები გაკეთდეს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - თუ ვინმეს მიმართ მოხდება მსგავსი მორალური ტერორი, რაც განხორციელდა, უმკაცრესი იქნება რეაგირება",- განაცხადა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, თუ ვინმეს თავში კიდევ ტრიალებს მსგავსი ზრახვა რომ ადამიანს პირად ცხოვრებაში ჩაერიოს, უნდა იცოდეს, რომ რეაქცია იქნება უმკაცრესი.

"არავის ვურჩევ, გამოიწვიოს და გამოსცადოს, როგორია საზოგადოებისა და სამართლებრივი ინსტიტუტების რეაქცია", - აღნიშნა ბესელიამ.