უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის მიმდინარე წელს გაუქმებას. ამის შესახებ პიტერ სიიარტომ საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველო ყველა პირობას აკმაყოფილებს იმისთვის, რომ გაუქმდეს სავიზო რეჟიმი. მან პოზიტურად შეაფასა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები.
"საქართველოს მთავრობამ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას. სწორედ ამიტომ, უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მიმდინარე წელს გაუქმდეს სავიზო მოთხოვნები. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭება ახალ იმპულსს შესძენს ევროპასთან პარტნიორობის პროგრამის განხორციელებას და დააჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც გარკვეულწილად შენელებულია, კერძოდ, ვგულისხმობ ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთელ პარტნიორებს შორის ბოლოდროინდელ სავაჭრო ურთიერთობებს,"- განაცხადა პიტერ სიიარტომ და იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი დროულად მოახდენს საკითხის განხილვას.