ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის, გენერალ კობა კობალაძის დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უწყებაში არ ფლობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ ზუსტად ის ინფორმაცია აქვთ, რაც მედიაში ვრცელდება.
"ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ, რადგან ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. ბატონი ირაკლი შიხიაშვილი დღეს დაგვემშვიდობა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, აქ ჯერ არავინ მოსულა. არც არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა არავისთან აღნიშნულთან დაკავშირებით. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ბატონი კობა დაინიშნა ხელმძღვანელის პოსტზე, აუცილებლად ყველა შეიტყობს", - განმარტავენ პრესსამსახურში.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილის შემცვლელად ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე ინიშნება.
ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გუშინ გადადგა.