ვისურვებდი, აშშ-ს ჰქონდეს უფრო ღია და პროაქტიური პოლიტიკა საქართველოს და ჩვენი რეგიონის მიმართ

ვისურვებდი, აშშ-ს ჰქონდეს უფრო ღია და პროაქტიური პოლიტიკა საქართველოს და ჩვენი რეგიონის მიმართ

ვისურვებდი, აშშ-ს ჰქონდეს უფრო ღია და პროაქტიური პოლიტიკა საქართველოს და ჩვენი რეგიონის მიმართ, - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა NATO-სა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ამერიკა-საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, უსაფრთხოებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და NATO - საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომლის გაცხადებული მიზანიც NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანებაა.

"ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური გეზი ჩვენი ისტორიული არჩევანია. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობა ცდილობდა, რომ ოცნება რეალობად ქცეულიყო. ჩვენ, ამ საერთო ევროპული სივრცის ბუნებრივი ნაწილი ვართ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამერიკა ყოველთვის NATO-ს გაფართოებისა და კონკრეტულად, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში მამოძრავებელი და გამწევი ძალა იყო.

"ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ, ვარშავის სამიტიც არ იქნება გამონაკლისი. ვისურვებდი, რომ აშშ-ს ჰქონდეს უფრო ღია და პროაქტიური პოლიტიკა საქართველოს და ჩვენი რეგიონის მიმართ; ეს კი ამერიკის პრეზიდენტის ჩართულობით უფრო ხელშესახები და ეფექტური იქნება", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.