საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების სამუშაოები მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა და პროექტის მიხედვით, გაზსადენის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება.
მათივე ინფორმაციით, განახლებული მილით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება კასპიის ზღვიდან, თურქეთის გავლით მოხდება.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.
"პროექტის მიხედვით, 2018-19 წლებიდან საქართველო ბუნებრივი აირის გაზრდილ მოცულობას შეღავათიან ფასად მიიღებს. საქართველოში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია ,,BP" აწარმოებს", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.