100%-იანი დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ფარული ჩანაწერები არ გავრცელდება

100%-იანი დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ფარული ჩანაწერები არ გავრცელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 100%-იანი დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ფარული ჩანაწერები არ გავრცელდება.

ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან საუბარში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების დაანონსებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი საკითხები ურთულესი თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

"ამაზე გუშინაც ისაუბრა ჩემმა მოადგილემ, ბატონმა ლევან იზორიამ. ეს ურთულესი თემაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის დიდი ქვეყნები... ვერავინ ვერ იტყვის, რომ გავრცელდება ან არ გავრცელდება. იმედი გვაქვს, ეს არ მოხდება, თუმცა 100%-იანი დარწმუნებით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არ გავრცელდება", - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, თუკი რაიმე გავრცელდა, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და ამ პროცესში მისი უწყებაცაა ჩართული.

"ჩვენ რა თქმა უნდა ვეხმარებით. ჯგუფია სპეციალური შექმნილი, სადაც შსს არის, ჩვენც ვართ. მაქსიმალური გავაკეთეთ და ვაკეთებთ. ასევე ჩართული გვყავს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ისეთი, როგორიც არის ამერიკა, ბრიტანეთი. მათი პროფესიონალები ამ მიმართულებთ. თამამად შემიძლია ვთქვა, ყველა ნაბიჯი, რაც გადაიდგა პირველივე დღიდან, მათი შეფასებით იყო სწორად გადადგმული", -განაცხადა ვახტნაგ გომელაურმა.