ჩვენ ვხედავთ საქართველოში ოკუპაციას, იგივე გამოწვევებია უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ფილიპ ჰამონდთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციებზე საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ საქართველოში ოკუპაციას, იგივე გამოწვევები გვაქვს უკრაინაში. სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხალხის თავისუფალ არჩევანს და სანამ ჩვენ ვაწყდებით ოკუპაციის პრობლემებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევა საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მზაობა, რომ შემცირდეს ეს დაძაბულობა და ტემპერატურა ამ კონფლიქტში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ნატო-სკენ სწრაფვა, ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმდენად, რომ უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ხელი არ შეეშალოს.