თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თვითმმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა განუცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის მიერ წაყენებული მოთხოვნის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა იმას, რომ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა კონკრეტული ვადის მითითებით უნდა გადამდგარიყო, რაც შესრულდა კიდეც.
შალვა საბაურის განცხადებით, უნივერსიტეტის თვითმმართველობა გააგრძელებს ბრძოლას იმ მანკიერი ტრადიციების წინააღმდეგ, რომელიც მისი თქმით, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან ჩამოყალიბდა, რაც უნივერსიტეტში ჩანერგილი პირების არსებობას უკავშირდება.
"ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც უნივერსიტეტში მობილიზებული იყვნენ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან. ეს პროცესი არის შეუქცევადი. ერთი გადადგა წინა კვირას. გუშინ გვაცნობეს, რომ ჩვენს მიერ დასახელებულმა პირმა დატოვა უნივერსიტეტი. ეს კი არის ჩვენი გამარჯვება, იქიდან გამომდინარე, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს არა კონკრეტული პირის წასვლით, არამედ იმით, რომ პასუხისმგებლობა ავაღებინეთ რეალურ პასუხისმგებელ პირს", - განაცხადა შალვა საბაურმა.
მისივე თქმით, "აუდიტორია 115"-ის მოთხოვნას, რომ გადადგეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, სჭირდება სამართლებრივი პროცედურების გავლა, ხოლო თუ საუბარია აკადემიური საბჭოს პერსონალის წასვლაზე, ეს უკვე დაანონსებულია.