აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით პირადი განცხადების საფუძველზე მივმართე, ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ამის შესახებ ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადა.
პაპავას თქმით, მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების მიერ გამართული შიმშილობის აქცია, თუმცა არ სურს, რომ უნივერსიტეტში მსგავსი პროცესები მიმდინარეობდეს.
ვლადიმერ პაპავას განმარტებით, მან გააანალიზა ის პროცესები, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარეობს და ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. "იცით ჩემი პრინციპული პოზიცია ამ დღეების განმავლობაში, როდესაც ვამბობდი, რომ გადადგომის საკითხი არ განიხილებოდა. დადგა დრო, როდესაც გაანალიზებული და გაცნობიერებულია სხვადასხვა პროცესები, რაზეც საუბარს არ ვთვლი მიზანშეწონილად და მივიღე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა, მაგრამ კანონის მიხედვით, მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად საჭირო არის დრო, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ელ მაისამდე მე ვარ რექტორი. შემდეგ კი ჩატარდება მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები", - განაცხადა პაპავამ.
მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საუნივერსიტეტო კოლეგიამ უნდა აირჩიოს, რომელიც დოქტორის ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალისგან შედგება.