გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს

საქართველო თანმიმდევრულად აგრძელებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს საკითხის ერთობლივ მომზადებაზე.

"ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ჯეროვნად არის შეფასებული და აღიარებული. გაერთიანებული სამეფო კვლავაც რჩება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ურყევ მხარდამჭერად.

შეხვედრაზე აგრეთვე, აღინიშნა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესახებ, რომელშიც საქართველო 900 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი.

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ბატონ ჰამონდს გავუზიარე ჩვენი წარმატებები და პროგრესი ამ მიმართულებით და ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობას", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

"დადებითად შეფასდა თანამშრომლობის ფორმატი "უორდროპის დიალოგი", რომელიც მოიცავს ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს და პრაქტიკულად უტოლდება სტრატეგიულ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ამ ფორმატის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობაზე, საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე; სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

2015 წლის მონაცემით, გაერთიანებული სამეფო სიდიდით მეორე ინვესტორია საქართველოში, რაც მეტყველებს საქართველოს, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის სანდო პარტნიორის იმიჯზე. უმსხვილესი ბრიტანული კომპანია British Petroleum უკვე 20 წელია საქმიანობს საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.