ფილიპ ჰამონდის ვიზიტს განვიხილავთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორიგ კვირიკაშვილმა ფილიპ ჰამონდს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტს ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
"ამ ვიზიტს განვიხილავთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად; სახელმწიფო მდივნის საქართველოში სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
მსურს, მადლობა მოვახსენო გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და პირადად ბატონ ჰამონდს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის;
განსაკუთრებით ვაფასებთ დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან გაწეულ უდიდეს თანადგომას, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების პროცესში და დიდწილად განსაზღვრა საქართველოს ევროპული მომავალი", - განაცხადა პრემიერმა.