საქართველოს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანი ფილიპ ჰამონდი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დასაწყისში, ფილიპ ჰამონდმა პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ დავით ჯალაღანიასთან.
დავით ჯალაღანიამ, ორმხრივ შეხვედრაზე, დადებითად შეაფასა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი. მან კმაყოფილება გამოხატა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის "უორდოპის დიალოგის" წარმატებით მიმდინარეობაზე და აღნიშნა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.
ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორს და წარმატების მაგალითს რეგიონში. ხაზი გაესვა, რომ ეს ვიზიტი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა. მან დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ხაზი გაუსვა, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, უნდა ჰქონდეთ სუვერენული არჩევანის საშუალება, გარეშე ძალების ჩარევის გარეშე. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების საკითხებზე.
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად რუსთავში გაემგზავრა, სადაც ბრიტანული კომპანიის - "British Petroleum" სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობა დაათვალიერა. ფილიპ ჰამონდმა იმედი გამოთქვა, რომ უმსხვილესი ბრიტანული კომპანია, რომელიც უკვე 20 წელია ოპერირებს საქართველოში, კვლავაც წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას რეგიონში და ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში, ფილიპ ჰამონდი სიტყვით გამოვიდა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ნიდერლანდების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმზე.
სახელმწიფო მდივანმა, ასევე, მოინახულა ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის, ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში მდებარე ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი.