ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართულ-შვეიცარიული აგროკომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისის საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართა.
„ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში საქმიანობს და ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობს. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
პრეზენტაციაზე მოსული მედიის წინაშე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საქმიანობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
რაჭაში „ბლაუენშტაინ საქართველოს“ პარტნიორ ფერმერებში ხორციელდება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საუკეთესო სახორცე და მერძეული ჯიშების შექმნა; ადგილობრივი ფერმერების დატრენინგება და რეგულარული მონიტორინგი ფერმის მართვის და საქონლის მოვლის შვეიცარული სტანდარტების შესაბამისად.
ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ბლაუენშტაინ საქართველო“ თანამშრომლობს რვა ფერმერულ მეურნეობასთან, რომელთაც ქართულ-შვეიცარიული კომპანია გადასცემს საქონელს და ასწავლის, თუ როგორ მოუაროს მათ. შედეგად, ქართველი ფერმერები იძენენ საქონლის შენახვა-მოვლის შვეიცარიულ გამოცდილებას.
როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, კომპანიის პარტნიორი ფერმერები, საკუთარი წარმოების გაფართოების მიზნით, რაჭის რეგიონში შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. კრედიტის მიღება ფერმერებისთვის კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ თავდებობით გაიცემა. დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით 59 ადამიანს შეადგენს. უახლოესი 2-3 წლის ფარგლებში იგეგმება დამატებით 20 ფერმის განვითარება, ახალი მაღაზიების გახსნა და მერძეული ფერმების განვითარება.