სირიაში მიმდინარე შეიარაღებულმა კონფლიქტმა ქვეყანას 200 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ზარალი მოუტანა. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა.
"ეკონომიკურმა ზარალმა და ინფრასტრუქტურის დაზიანებამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფრასტრუქტურის განახლებას დიდი დრო დასჭირდება", - განაცხადა ასადმა.
სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო. ამას დაახლოებით ერთი წლის წინ ქვეყანაში "ისლამური სახელმწიფოს" მოქმედებაც თან დაერთო. სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას ასი ათასობით ადამიანი შეეწირა, მათ შორის არიან ბავშვებიც.