ჩვენ დავასრულეთ კომუნიზმის ერა და წავშალეთ კონსტიტუციიდან, მაგრამ ვერ წავშალეთ გონებიდან

ჩვენ დავასრულეთ კომუნიზმის ერა და წავშალეთ კონსტიტუციიდან, მაგრამ ვერ წავშალეთ გონებიდან

იმის მიუხედავად, რომ კომუნიზმის ერა დასრულდა და ახლა მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა გვაქვს, ჩვენს გონებაში კომუნიზმი მაინც დარჩა და ყველა პარტია სიმართლის მონოპოლიაზე აცხადებს პრეტენზიას, - ამის თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმის გახსნისას განაცხადა.

როგორ უსუფაშვილმა ღონისძიებაზე აღნიშნა, "არის რაღაც საზღვრები შეჯიბრებაში და შემდეგ, გადაწყვეტილების მიღებაში და ამ გადაწყვეტილებების აღსრულებაში".

მან საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს და ნიდერლანდების ინსტიტუტს მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ("ნიმდ") ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ახალგაზარდა თაობის მოტივაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. უსუფაშვილის განცხადებით, ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, პოლიტიკური საქმიანობის დაწყების ადრეულ პერიოდში მას ღირებული გამოცდილება მისცა.

"ამ ინსტიტუტმა ძალიან ღირებული გამოცდილება მომცა, როგორ უნდა იმუშაოს მულტიპარტიულმა სისტემამ და როგორ უნდა ფუნქციონირებდეს მრავალფეროვანი საზოგადოება, როგორ უნდა გაერთიანდნენ საზოგადოების განსხვავებული სოციალური ფენები და პოლიტიკური ჯგუფები, როდესაც ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო გახდება, როგორ არიან ერთმანეთთან მუდმივ დებატებში და კონკურენციაში, მაგრამ მუდმივად არ ებრძვიან ერთმანეთს. არის რაღაც საზღვრები შეჯიბრებაში და შემდეგ გადაწყვეტილების მიღებაში და შემდეგ ამ გადაწყვეტილებების აღსრულებაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული პრობლემები ყველაზე მეტად სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში იკვეთება, როცა პოლიტიკოსები, პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები საკუთარ სიმართლეში ზედმეტად არიან დარწმუნებული და შემდეგ, ასეთ სიტუაციაში, პოლიტიკურ საკითხებზე პოლიტიკური დიალოგის, დებატების გაგრძელება და სწორი გამოსავლის პოვნა ძალიან რთული ხდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავასრულეთ კომუნიზმის ერა, წავშალეთ ჩვენი კონსტიტუციებიდან, ვერ წავშალეთ ეს ჩვენი გონებიდან და შევქმენით მრავალი პოლიტიკური პარტია, გვაქვს მრავალპარტიული სისტემა, მაგრამ ამ მხრივ, ხანდახან ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს მრავალკომუნისტური პარტიების სისტემა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა პარტია აცხადებს, რომ სწორედ მას აქვს სიმართლეზე მონოპოლია. ასეთ სიტუაციაში, ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ იმ მიზნებს, რომელიც გვაქვს - რომ საზოგადოება იყოს თავისუფალი, ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლებებზე დაფუძნებული, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ეს ვერ მიიღწევა, თუ პოლიტიკოსები, ახალგაზრდებიც და ნაკლებად ახალგაზრდებიც, ამ ფუნდამენტურ საკითხს ვერ გააცნობიერებენ",- მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს.

გამოსვლისას დავით უსუფაშვილმა სამხრეთ კავკასიის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს და უკრაინას ბევრი მიმართულებით, მსგავსი გამოწვევები უდგას.

"იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრების პროცესში, დიახ, ზოგიერთი ადგილობრივი გარემოება ზოგ ჩვენგანს აძლევს საშუალებას, რომ გარკვეული მიმართულებით იმოძრაოს, ზოგიერთი განსხვავებული მიმართულებით მოძრაობს, ასე რომ, ძალიან რთულია, მხოლოდ ერთი შედარებითი ანალიზი გავაკეთოთ და დავასკვნათ, ვინ წინ არის და ვინ - უკან. ძირითადად, ჩვენ პოსტკომუნისტური წარსულის დაძლევისთვის ვიბრძვით. ამ ბრძოლაში, ჩვენ, ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკოსებს ბევრი მტკივნეული მოვლენების გადატანა მოგვიწია", - განმარტა უსუფაშვილმა და დამსწრეთ საქართველოს პარლამენტის ისტორია და ქვეყანაში 25 წლის წინ მიმდინარე მოვლენები შეახსენა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, ვიზალიბერალიზაციისა და მისი მნიშვნელობის შესახებაც. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ, საქართველომ იგრძნო, რომ მისი ადგილი ევროპის სტრუქტურებშია.

"ვიმედოვნებთ, რომ ორ ან სამ თვეში - გააჩნია სხვა გარემოებებს და არა საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოს, ვიზალიბერალიზაციის პროცესს დავასრულებთ და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, ევროპის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ მოგზაურობას, პასპორტს და ვიზას. ეს ეხება ფსიქოლოგიას, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გააცნობიერებენ, რომ ისინი არ მოიაზრებიან უცნობებად და როდესაც ის ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ ევროპაში უვიზოდ დაუყოვნებლივ მოგზაურობას, იფიქრებენ, რომ დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია და ამისთვის არანაირი ნებართვა არ გვჭირდება. ეს არის უზარმაზარი ფსიქოლოგიური საკითხი, რომელიც გააძლიერებს ერის და ინდივიდუალების თვითდაჯერებულობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის საკითხია, რომელიც ყველა მიმარულებით პრობლემას ქმნის.

"საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია სწორედ ის საკითხია, რომელიც ყველა მიმართულებით პრობლემას გვიქმნის, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ვიყოთ სიტუაციის ტყვეები, რადგან ოკუპაცია დასრულდება, საქართველო იქნება თავისუფალი, მაგრამ ამავდროულად, საქართველომ გამოაცხადა, რომ არასდროს გამოიყენებს ძალას ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადგან ვიცით, რა მოაქვს თანამედროვე მსოფლიოში ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტებს. ამის მაგალითი საკმარისზე მეტი გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონისთვის ეს საკითხები მტკივნეულად ნაცნობია, ახლა უკვე უკრაინელებისთვისაც",- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, მსგავს პრობლემებთან გამკლავება მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების დახმარების გარეშე შეუძლებელია.

"ჩვენ გვჭირდება ცოდნა, მეტი გამოცდილება განვითარებული ქვეყნებისგან და გვჭირდება მათი მხარდაჭერა, რადგან ამ რეგიონში ყველა არ არის მზად გააცნობიეროს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნები და ჩვენ გვაქვს სუვერენული უფლება, რომ ჩვენი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები თავად მივიღოთ, იქნება ეს ნატო-ში ინტეგრაციის, მილსადენის, თუ ერთმანეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხები. სამყაროს იმპერიალისტური გაგება ჩვენი ქვეყნებისთვის უდიდეს პრობლემად რჩება. მეორეს მხრივ, ახალი საფრთხეები გამოჩნდა, მაგალითად, ტერორიზმი, რომელსაც საზღვრები და ეროვნება არ აქვს. ჩვენ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ და გავაძლიეროთ თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც. ჩემი გამოცდილებით, დემოკრატიის განვითარება დაუსრულებელი პროცესია", - მიმართა ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.